საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან
2016-09-11 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამხედრო განათლების სექტორში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. "მოხარული ვარ, რომ შედგა თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც დაემთხვა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს, რომლის ჩამოყალიბებაში დიდია საფრანგეთის წვლილი. თქვენს ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების მკაფიო გზავნილს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|