საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები
2016-08-31 საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; ხაზი გაუსვეს „აბრეშუმის გზის" პროექტის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის - სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში. როგორც მხარეებმა განაცხადეს, პროექტის წარმატებით დასრულება ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ პროცესს ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|