საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის მადლობა ოლიმპიელებს
2016-08-26 მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა. "ყველამ დაინახა, რამხელა ენერგია ჩადეთ თქვენ ამ ყველაფერში და მინდა, სულითა გულით მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, მივულოცო თქვენს მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. მინდა, ჩვენი სახელით გითხრათ, რომ ჩვენ ეს უდიდესი ვალდებულების გრძნობით გვავსებს, იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ასეთი წარმატებული, როგორიც წელს არის. აქ იყო მთელი გამოთვლები, რომელ ადგილზე გავედით ქვეყნის ჩათვლით, შემდეგ დათვალეს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, შემდეგ - სხვა პარამეტრები. ხან მეშვიდე ადგილზე გამოვედით, ხან - მერვეზე, ხან - უფრო ქვევით. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვართ, რადგან გვყავს ასეთი ანთებული, ასეთი პატრიოტული გუნდი და თქვენ, ჩემო მეგობრებო, მართლაც ხართ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის მაგალითი. დარწმუნებული ვარ, თქვენ, მთელს საქართველოსთან ერთად, კიდევ უამრავი წარმატება და გამარჯვება გელით", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ოლიმპიელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|