საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია
2016-05-24 ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარანტირებული, თუ სუვერენიტეტი, თავისუფლება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები სრულად იქნება დაცული და ძალისხმევას არ დავიშურებთ ამის უზრუნველსაყოფად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრის თქმით, უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის ტალღის მიუხედავად,საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას და მზარდ საფრთხეებს, რაც შეუძლებელია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. „რეგიონში NATO-ს აქტიურობასა და ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. NATO-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს. ეს დაადასტურა NATO-საქართველოს პაკეტმა, რომელიც წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების აქტივობას გულისხმობს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ აქტიური ორმხრივი დახმარების შედეგად საქართველოსათვის მოტანილი სარგებლის მნიშვნელობას: მიმდინარე სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი" ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ წამოწყებაში მათი უდიდესი წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო. მე მყარად მწამს, რომ ძალა ერთობაშია და დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსის ერთობისა და ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოხდება და NATO-ს სწრაფვას მშვიდობისა და სტაბილურობისკენ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი," - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტზე მოხდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია თბილისში დღეს გაიხსნა და მას საქართველოს მთავრობის წევრები, ექსპერტები, დიპლომატები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|