საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა სენატორ ჯეფ სეშენსთან
2016-04-26 საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების მანძილზე აშშ-ის მიერ გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მანვე პოზიტიური უწოდა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|