საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
2016-04-21 მივესალმები საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ასამბლეის პატივცემულ წევრებს და ელჩებს. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზანია ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვისადმი საქართველოს ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება, მაშინ, როდესაც ამ ხედვის რწმენა საყოველთაო გამოცდის წინაშე დგას. საქართველოსთვის ეს პროცესი შეუქცევადია. ჩვენ დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ იმისათვის, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის წევრი ქვეყანა გავმხდარიყავით. საქართველო 1999 წლის აპრილში გახდა ევროპის საბჭოს წევრი. თითზე ჩამოსათვლელია ის ინსტიტუტები, რომლებიც ისე სრულყოფილად და ნათლად განასახიერებენ ევროპას, როგორც ევროპის საბჭო. საქართველო, თავისი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ბევრ ორგანიზაციას შეუერთდა, რათა გაწევრებულიყო ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. მაგრამ სწორედ ევროპის საბჭოს წევრობამ უზრუნველყო ჩვენი ევროპეიზაცია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, რაც მოიცავს ჩვენი ისტორიული ფესვების დაფასებას და თითოეული მოქალაქის გაძლიერებას. ჩვენ ვქმნით ევროპული ხარისხის სოციალურ კონტრაქტს, რომელიც არ ექვემდებარება სხვის მიერ რატიფიკაციას, ვეტოს დადებას, სახელშეკრულებო პირობების დაწესებას, დამტკიცებას ან გადახედვას. და, მიუხედავად გარკვეული საგარეო თუ საშინაო პრობლემებისა და არსებული პირობებისა, ჩვენ მივიწევთ წინ! რეჟიმები 2012 წლამდეც იცვლებოდნენ, თუმცა არა არჩევნების გზით. ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რამაც გამოიწვია რეჟიმის შეცვლა. 2012 წლის შემდეგ ჩვენ უკვე ჩავატარეთ თავისუფალი არჩევნები - ადგილობრივი და საპრეზიდენტო, რომლებიც სამართლიან გარემოში წარიმართა. წლევანდელი არჩევნები კი დააგვირგვინებს ამ ციკლს. ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე, რომლის დროსაც არ იყინება საბანკო ანგარიშები და არავინ აკონტროლებს, თუ რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს, როდესაც არ ხდება სატელიტური თეფშების კონფისკაცია და ყველა კანდიდატს აქვს წარმატების შესაძლებლობა საარჩევნო ყუთებთან. • პირველი: საერთაშორისო მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოში მაშინ, როდესაც არჩევნებში წაგება დაუშვებელი იყო: ჩვენ გვქონდა თქვენი იმედი, როცა ჩვენი ხმა არ ისმოდა. ჩვენ „დავნერგეთ" ევროპა საქართველოში და ჩვენ გადავაჭარბეთ ევროპის მოლოდინებს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და დემოკრატიზაციის კუთხით. ჩვენ ვართ იმის მაგალითი, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა, დახმარების მიმღები ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფისათვის გამიზნული სახელშეკრულებო პირობები, ინსტიტუტების მშენებლობა, შესაძლებლობების/უნარების განმტკიცება ქმედითია და ამართლებს მაშინ, როცა ჩვენ გათავისებული და შესისხლხორცებული გვაქვს ჩვენ წინაშე მდგარი მიზნები. თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, სხვებსაც შეუძლიათ. დღეს ჩვენ გვაქვს წარმატებული რეფორმების განხორციელების გამოცდილება: მიზნების დასახვა, ამოცანების განსაზღვრა, საქმიანობის დროულად და ხარისხიანად შესრულება. სულ ახლახან ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნები, რაც ხსნის დაუბრკოლებელი მიმოსვლის პერსპექტივას. • გასაგები მიზეზების გამო, ყველა საქართველოს მოქალაქე მოუთმენლად ელის ამ სივრცეში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობას. ღირსეული მოგზაურობა ევროპაში, სათანადო მიღება და ნდობა იქნება „ევროპაში დაბრუნების" ყველაზე ნიშანდობლივი და საგრძნობი გამოხატულება, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული. თითოეული შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, არის დაუღალავი შრომის შედეგი. • თითოეული სტრატეგია არის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც მოითხოვს კონცენტრირებას, კოორდინირებას, როლების განსაზღვრას, ინიციატივას, პასუხიმგებლობის გრძნობასა და ლიდერობას. ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებათა უპირობო დაცვით, ჩვენ ვაშენებთ სახლს, რომელშიც ყველა საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობს შინ, სახლს, რომლის დატოვებაც არავის არ უნდა. • ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, ეროვნული კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციისა და აღმსარებლობის ნიშნით; ჩვენ გარდავქმენით შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად და მივიღეთ ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომლითაც დაცულია ადამიანის უფლებათა პატივისცემის უმაღლესი სტანდარტები, ასევე კანონზომიერების, თანასწორობის, თანაბარზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპები. არატოლერანტობის კრიმინალიზაცია შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაჩინოთ მისი მიუღებლობის განცდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ღირსეული ცხოვრების პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ბევრად უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის მიღებისა და სოციალური დახმარების გაორმაგების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა შემდეგი პრიორიტეტებით: • სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა საქმიანი და საინვესტიციო გარემოს შემდგომი ლიბერალიზაციის გზით, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, მოიცავს საგადასახადო რეფორმასა და მეწარმეობის მხარდაჭერას; ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. ევროპის საბჭო, როგორც უფრო ადამიანის უფლებათა დამცველი, ვიდრე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. ბორდერიზაციაა, კერძოდ კი, რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე აღმართული ხელოვნური დაბრკოლებები, რომლებიც ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან მიმოსვლის, კერძო საკუთრების, საოჯახო საქმეების წარმართვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სამოქალაქო თუ ეკონომიკურ უფლებებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხი, ეს არის ის, რომ ევროპის საბჭოს ხელი არ მიუწვდება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებთან. მიუხედავად გაწეული ძალისხმევისა, ადამიანის უფლებათა კომისარსა და ევროპის საბჭოს არ მიეცათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება. გარდა ამისა, ჩვენ აღშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის გეგმის გამო, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ეს მოვლენები არა მარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, დიდი ალბათობით, სავალალო შედეგებსაც მოუტანს ისედაც არასტაბილურ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. კანონის უზენაესობა მოქალაქეთა უსაფრთხოება და გაძლიერება ყოველთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ აღარ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც ყოველ ოჯახს ვიღაცა ჰყავს ციხეში, თუმცა ასეთი ვითარება იყო სულ რამდენიმე წლის წინ, და არც ის ქვეყანა ვართ, რომელსაც სამარცხვინო რეკორდი ჰქონდა ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, აღარ ვართ იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას შეუძლია თქვენი ან თქვენი ახლობლის პატივის აყრის მუქარით გამოგძალოთ თანხა ან ამომრჩევლის ხმა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან თომას ჰამარბერგთან, ევროპის საბჭოს ამჟამინდელ სპეციალურ წარმომადგენელთან მაიკლ ო'ბოილთან, ევროკომისიასა და ამ ფორუმთან, რათა უზრუნველვყოთ ის, რაც თავისთავადი მოცემულობა უნდა იყოს: • დეპოლიტიზებული პოლიცია; პროკურატურა, რომელიც ებრძვის დამნაშავეებს, მიუხედავად მათი სოციალური სტატუსისა; მივაღწიეთ თუ არა სრულყოფილებას? სრულყოფილებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ჯერ ევროპაში არა ვართ. ჩვენ გვავქს მიუწვდომელი უტოპია. ასეთი სწრაფვა ევროპული სულისკვეთებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვენი სწრაფვა კონსტრუქციული უტოპიისკენ, იმ ერის უმთავრესი ნიშან-თვისებაა, რომელმაც შექმნა ღვინო და რომელიც მიზნად ისახავს, ააშენოს რესპუბლიკა. ეს არის მძიმე, მაგრამ ღირსეული შრომა. • მართლმსაჯულების სისტემისა და პროკურატურის დამოუკიდებლობა განმტკიცებულია უვადოდ დანიშვნითა და კოლეგების მხრიდან რეგულირებით და ზედამხედველობით, რაც ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან მოყოლებული განახორციელა რეფორმების სამ ეტაპად. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საზოგადოებას არ ეშინია ხელისუფლების. და დიდი ალბათობით, ესაა მიღწევა, რომლითაც ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ, თუმცა ვწუხვართ, რომ კანონის უზენაესობა არ ვრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვაღწევთ იმ შედეგებს, რაც შეგვიძლია და როდესაც ეს შეგვიძლია. ჩვენი საქმიანობა არა ტექნოკრატიული, არამედ პოლიტიკურია. ჩვენს მთავრობას საფუძველი აქვს სჯეროდეს, რომ კანონის უზენაესობისადმი ნდობის გასაძლიერებლად საჭიროა არა მხოლოდ რეფორმები, არამედ სამართლიანობის აღდგენაც. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ისეთ ადგილად ვაქციოთ, რომ მოქალაქეებს აქ ცხოვრება გაუადვილდეთ, ჩვენ არ გვინდა შედეგებით ტრაბახი. • ჩვენ გვინდა ერთობა, თუმცა არა მართლმსაჯულების ხარჯზე, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულება, თუმცა არა ერთობის ხარჯზე. მედია კონსოლიდაცია დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ჩვენ კონკრეტულ ცივილიზაციას ვირჩევთ. ეს არის ჩვენი არჩევანი. ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპის საბჭოს გენერალური ასამბლეა არის პარტიული ფორუმი, რომელიც ისევე ეხება პოლიტიკას, როგორც სტრატეგიებს. მიუხედავად ამისა, ყველას, როგორც ჩვენს მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს, წელს ერთი თხოვნით მოგმართავთ: მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც იამაყებთ. რასაკვირველია, იყავით კრიტიკულად განწყობილი, მაგრამ ხელშეწყობაც არ დაგავიწყდეთ. დაგვეხმარეთ შენობის აღმართვაში იმ საფუძველზე, რომელიც ჩვენ ერთად ჩავყარეთ. დაგვეხმარეთ მაქსიმალურ თვითრეალიზაციაში ჩვენს ქვეყანაში, რომელიც, ნაწილობრივი ოკუპაციის მიუხედავად, სისხლით ხორცამდე ევროპულია. საქართველომ გაამართლა მოლოდინები. ჩვენ ვართ მაგალითი იმისა, რომ დემოკრატიის ხელშეწყობა, ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დახმარების მიმღები ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფისკენ გამიზნული სახელშეკრულებო პირობები და რეფორმები მართლაც შესაძლებელია და შედეგები მოაქვს. ვიმედოვნებთ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად ვიაროთ. ერთად, ყველა დაბრკოლებისა და იმ ძალის მიუხედავად, რომელიც ევროპის დანაწევრებას ცდილობს, დავდგეთ ისტორიული სიმართლის მხარეს. დავდგეთ ერთად იმის დასაცავად, რასაც ევროპა განასახიერებს. ჩვენ ვართ ევროპელები, რაც არის იმ ღირსების არსი, რომელიც ყველა ქართველს უდევს გულში. ევროპელობა არის მოქალაქის ღირსება, რომელსაც ყველა ქართველი იმსახურებს, ხოლო ღირსება არის იდენტობის საყრდენი.
|