საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
აშშ-საქართველოს აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის 25 წელი
2016-04-15 აშშ-საქართველოს აკადემიური და კულტურული თანამშრომლობა 25 წელს ითვლის - საქართველოში აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის (EPAG) ორგანიზებით გამართულ საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებს შეხვდა და მათ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ამერიკის მთავრობის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ არაერთი სასწავლო გაცვლითი პროგრამა დააფინანსა. "დღეს გვაქვს საშუალება ვიზეიმოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის აკადემიური და კულტურული თანამშრომლობის 25 წლის იუბილე. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია განათლების სფეროში თანამშრომლობა. დღეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. ეს არის მართლაც ქსელი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალური სიმდიდრის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეიქმნა. 90-იან წლებში, როდესაც წარმოუდგენელი იყო სხვა რაიმე გზით მოხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, მე მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი "მასკის" პროგრამის მონაწილე. ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა," - აღნიშნა პრემიერმა. EPAG აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 17 სასწავლო და პროფესიულ გაცვლით პროგრამას. EPAG დაფუძნდა 2014 წელს მასკის პროგრამის მონაწილეთა ასოციაციის საფუძველზე, რომელმაც რეორგანიზაციის შედეგად ასოციაციის კარი გახსნა აშშ-ის მთავრობის ყველა გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის. ამ დროისათვის ასოციაცია აერთიანებს 550-მდე წევრს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|