საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
2016-04-02 ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსი, საქართველოს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას აღნიშნა. მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის ანგარიშის შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული, ასევე, განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და უახლოეს თვეებში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|