საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრის ავრამოპულოსმა მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრეს

2016-02-09

საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებასა და მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა დღევანდელ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს სავიზო დიალოგის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული შედეგი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მალე მიიღწევა.

საუბარი მიგრაციის პოლიტიკასაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოში უკვე მოდერნიზებულია მიგრაციის მართვის პოლიტიკა, ასევე, გატარდა სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლის მიმართულებით.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური