საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
2016-02-01 საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება -აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობენ საერთაშორისო ფორუმზე "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები". ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრეთ მთავრობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნო. პრემიერს განმარტებით, მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალეა და საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე. საჭიროდ მიგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავებისა და განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო სექტორისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიღება ხდებოდეს კონსენსუსისა და სამოქალაქო თანხმობის საფუძველზე. ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ფორუმი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" და ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში იმართება და მას დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|