საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2015 წლის 19 თებერვლის მთავრობის სხდომა
2015-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აგროდაზღვევის" პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე მოსახლეობის შენარჩუნებას სოფლად. აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდება მოსავლის დაზღვევის პროგრამა, რაც საშუალებას მისცემს ამ სფეროში დასაქმებულ პირებს დააზღვიონ მოსავალი შეღავათიან ფასებში და ზარალის დადგომის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება დაზღვევის ტარიფის ზედა ზღვარი. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაზღვევის ტარიფის 60%-ის გადახდას, ხოლო 40%-ი კი იქნება დამზღვევის მიერ გადასახდელი. მსგავსი პროგრამა პირველად განხორციელდა 2014 წელს, რომელიც იყო საპილოტე. პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და ორ თვეში 15 622 პოლისი გაიცა და დაზღვეული იქნა 143 698 111 ლარის მოსავალი. სამინისტროს მიერ შესწავლილი იქნა ამ პროგრამის მიმდინარეობა, დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამის გათვალისწინებით მომზადდა ახალი „აგროდაზღვევის" პროგრამა, რომელშიც შესულია გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, დაიხვეწა ტერმინები, დაზუსტდა სადაზღვევო ანაზღაურების პირობები და დაზღვევის ხელშეკრულების დადების წესი და პირობები, ასევე დაკონკრეტდა სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებისა და ზიანის ანაზღაურების პირობები. პროგრამას დაემატა მუხლი სააგენტოსა და მზღვეველის უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელშიც გაიწერა როგორც სააგენტოს, ასევე მზღვეველის უფლებები და მოვალეობები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |