საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
2015-01-24 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს. პრემიერი სიტყვით გამოვიდა სესიაზე - Travel and Trade in a High-Risk Era და სამუშაო სადილზე - Europe Growth Markets. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობას მიიღო "მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრა"-ში, სადაც განისაზღვრა მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრაც გამართა. ასევე შედგა მოლაპარაკებები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა Die Welt-ს, ასევე პირდაპირ ეთერში ჩაერთო ტელეკომპანია CNBC -ს. საქართველოს დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ - ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე„ საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|