საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

2015-12-28

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყო მას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. 

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა. მისივე თქმით, ეს პრიორიტეტი შესაბამის სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებშიც აისახება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, კიდევ ერთი მიზანი მოსახლეობის ყველა ფენაში მეწარმეობის განვითარებაა.

"გაცილებით უფრო ძლიერი აქცენტის გადატანა კერძო ბიზნესის ინიციატივებზე და უფრო აქტიური ჩართვა კერძო ბიზნესისა ყველა სფეროში. ყველა ის სფერო, ის პროექტი, სადაც შესაძლებელი იქნება კერძო სტრუქტურის ჩართვა, განხორციელდება კერძო სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან და გამოირიცხება სახელმწიფოს ჩარევა - ეს იქნება პრინციპი და ფუნდამენტი ჩვენი კაბინეტის მიდგომისა ეკონომიკასთან მიმართებაში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გაგრძელდება უკვე დაწყებული პროექტები და გარდა ამისა, დაემატება დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამებიც. „ამას სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან, ქვეყანაში გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, ახალგაზრდები, სტუდენტები, რომელთა იდეებიც კვდება ჩანასახის დონეზე, უზრუნველყოფის არარსებობის გამო. ამიტომ, საწყის ეტაპზე, საპარტნიორო ფონდის ფარგლებში, გავაკეთებთ საწყის დაფინანსების ფონდს, რომლის მეშვეობითაც შევეცდებით, რომ დავაფინანსოთ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით საწყისი ბიზნესები, განსაკუთრებული აქცენტები იქნება გადატანილი ახალგაზრდების, სტუდენტების მიერ წარმოდგენილ ინოვაციურ პროექტებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სერვისის ინდუსტრიის განვითარებას. როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნაში განსაკუთრებით ეფექტიანი ტურიზმის ინდუსტრიაა. „გვაქვს სამოქმედო გეგმა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, თუმცა, ვაპირებთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მოწვევას. ჩვენი მიზანია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გავაორმაგოთ უახლოეს წლებში და ეს არის 3 მლრდ ლარზე მეტი შემოსავალი დღესდღეობით ტურიზმში ჩართული სუბიექტებისთვის და მიზანმიმართული პროგრამების განხორციელების შედეგად, 2-3 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამ შემოსულობების გაორმაგება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც სოციალური დახმარების საკითხებს, ვიზალიბერალიზაციას, ტურიზმის განვითარებას, გაზიფიცირების პროცესსა და სასამართლო რეფორმას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.