საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა
2015-11-05 საქართველოსა და ლიტვას 20 წელზე მეტია, დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებთ და ამ პერიოდში ჩვენ თანამშრომლობის მტკიცე საფუძველი შევქმენით; დღევანდელი შეხვედრა ისტორიული მოვლენაა, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ვილნიუსში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „საქართველო მზად არის, სრულად გამოიყენოს თავისი პოტენციალი ჩვენ შორის ენერგორესურსების, ასევე ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საქმეში. ამ სფეროებში ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლა. სასიხარულოა, რომ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 54 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო საქმიანობისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველო მზად არის, ძალ-ღონე არ დაიშუროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, რომლებიც ადგილს დაიმკვიდრებენ საერთაშორისო არენაზე და ამ გზით გახდებიან საქართველოსა და ლიტვის მეგობრობის დესპანები", - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, განიხილონ თანამშრომლობის კონკრეტული გზები და საჭიროებისამებრ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. ლიტვის პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობასა და სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ლიტვის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტისას მოეწერა. დოკუმენტი ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
|