საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ–მინისტრის მილოცვა მასწავლებლებს
2015-10-05 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საჯარო სკოლების პედაგოგები, საკრებულოს წევრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო. 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო ხელფასის 65%-იანი ზრდა დაფიქსირდება და მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება. „კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასწავლებელმა იფიქროს მხოლოდ ერთზე-მისცეს მაქსიმალური ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას და ღირსეული თაობა აღგვიზარდოს. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 617 მილიონი, წელს იგი 840 მილიონია, გაისად კი 975 მილიონი ლარი იქნება. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მასწავლებელთა ხელფასების 65%-იანი ზრდა. მეცნიერებზეც მინდა ვთქვა, რომელთა ხელფასები გავზარდეთ 2,5 ჯერ. განათლების მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. 10 ახალი სკოლა შევმატეთ საქართველოს, 8 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და 1069 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე შეგახსენებთ, რომ 21 ფაკულტეტზე სწავლა გახდა უფასო და 12 ათასი სტუდენტი სწავლობს უფასოდ. 1150 სკოლის ტრანსპორტით მომსახურებას ვახორციელებთ და 500 000 მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას ვახდენთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|