საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ქართული ღვინის ცენტრი გახსნა
2015-10-04 მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახები და სასწავლო აუდიტორიები - ეს ყველაფერი ქართული ღვინის ცენტრში ერთიანდება. ცენტრი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. პრემიერმა მოსახლეობას ქართული ღვინის დღე მიულოცა და ღვინის უძველეს, უნიკალურ კულტურაზე ისაუბრა. „ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა; რომ აქ, ამ მიწაზე, უკვე 8 ათასი წელია, იწარმოება ღვინო; ეს გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში ღვინის ისტორიის სწავლება საქართველოთი იწყება. მთავრობის მეთაურმა ღვინის პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გააქტიურების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, გაიხსნა რუსეთის ბაზარი, ასევე ხელისუფლების ძალისხმევით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში - 68%-ით, პოლონეთში - 85%-ით, ჩინეთში - 107%-ით, ლატვიაში - 50%-ით, ესტონეთში - 35%-ით, დიდ ბრიტანეთში - 46%-ით, იაპონიაში - 110%-ით. პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა დელეგაციას ჩინეთიდან, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა. მთავრობის მეთაურმა რთველის წარმატებით მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, გადამუშავებულია 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. „ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლეხს, აღნიშნული ფასის პირობებში, დაახლოებით 100%-იანი მოგება მიეღო. ეს არის ჩადებული ამ ტარიფში. სამი წლის განმავლობაში, რთველის დროს 300 მილიონ ლარამდე ოდენობის ყურძენია გადამუშავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ეს თანხა შევიდა ჩვენი ქართველი მევენახეების ოჯახში. აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში 182 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგრორისკია დაზღვეული", - განაცხადა პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პროექტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესახებაც, რომელიც სახელმწიფოს 14 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და რომლითაც, ჯამში 30-ჯერ მოხდა სეტყვის პრევენცია. „ეს არის სერიოზული დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის და ამ დარგს სჭირდება სერიოზული ხელშეწყობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურს, ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა საჩუქრად სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დამზადებული იშვიათი ღვინო გადასცა.
|