საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა

2015-09-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანადგომა აღუთქვა.

სამძიმარზე მისული პრემიერი რამდენიმე წუთით პირადად ესაუბრა გარდაცვლილის უმცროს ძმას.

„ვუსამძიმრებ შეიარაღებულ ძალებს და მთელს საქართველოს, ჩვენს ერს, ვინაიდან, ვასილი არის ჩვენი გმირი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად დაიღუპა ავღანეთში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მისი სულის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ფინანსთა სამინისტრო კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, ხოლო გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური