პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის სამზადისს გაეცნო
2015-07-18
ოლიმპიური ცეცხლის დანთება, სპორტსმენების აღლუმი, ფიცის მიღება, სიტყვით მიმართვა და მხატვრული შოუ ევროპული და ქართული ისტორიულ-ტრადიციული ელემენტებით - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეპეტიცია მიმდინარეობს. სტადიონზე მონტაჟდება სცენა და შესაბამისი დეკორაციები. ფესტივალის გახსნის სამზადისს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო. განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „თბილისი 2015-ის" საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა მიაწოდეს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს გაიმართება.