საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება

2015-06-05

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, - ცვლილება, რომელიც სააგენტოს საინვესტიციო მოლაპარაკებებში უკეთესი ბერკეტებით უზრუნველყოფს და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის საქმეში მის ეფექტიანობას გაზრდის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საინვესტიციო სააგენტოს ანგარიშვალდებულება პრემიერ-მინისტრის წინაშე, საგრძნობ წვლილს შეიტანს სამინისტროების უკეთესი კოორდინირების საქმეში და ყველა დონეზე ინვესტორთათვის გამარტივებულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლზე, დაგეგმილ პროექტებსა და ქვეყნის სტაბილურ, წარმატებულ ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით მთავრობის ხედვაზე ისაუბრა.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო აქვს ბიზნესის წარმოებისთვის;
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით;
Heritage Foundation-ის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური გარემოს კატეგორიაში;
TRACE Matrix ინდექსში საქართველო, ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის დაბალი რისკების შეფასების კუთხით, მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა;
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც საქართველოს 900-მილიონიან ბაზარზე გასასვლელს, გლობალურ ბაზრებსა და მიწოდების ქსელებში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო დამაჯერებლად იბრუნებს თავის ბუნებრივ როლს, როგორც რეგიონული ცენტრი.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ასევე ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, საქართველოს სატრანზიტო როლს კიდევ უფრო განამტკიცებს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალზე ისიც მეტყველებს, რომ 2015 წელს, 45 დღის ნაცვლად, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის საზღვაო გზით ჩამოტანას სჭირდებოდა, საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან 9 დღეში ჩამოვიდა.

გარდა ამისა, მთავრობას აქვს ბევრი პერსპექტიული პროექტი საქართველოს ეკონომიკის ყველა წამყვან სექტორში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტების გადამუშავება, სასტუმროების ბიზნესი და უძრავი ქონება, წარმოება და ლოგისტიკა.

შესაძლებლობებთან ერთად მთავრობის მეთაურმა გამოწვევებზეც ისაუბრა.

„უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური შედეგები, ასევე აშშ დოლარის გლობალური გამყარება, რამაც გავლენა იქონია საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე, ის მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რომლებთან გამკლავებაც გვიწევს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს წილად ხვდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისა და გლობალური ბიზნესების ნდობის პრივილეგია. ამ ბიზნესებს შემოაქვთ ცოდნა და უახლესი ნოუ-ჰაუ, მაგრამ იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტული და ვუპასუხოთ მზარდ საბაზრო მოთხოვნას, ჩვენ უნდა გვყავდეს განათლებული, კვალიფიციური და ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა. ჩვენი მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაა ამ პროცესის წახალისება, თუმცა მთავარი გამოწვევა ამ მხრივ არის დრო. მდგრადი სტაბილურობის მისაღწევად, ჩვენს მთავრობას ქმედითი და ეფექტიანი ინსტიტუტები, უკეთესი რეგულაციები და ეფექტიანი მომსახურების მიმწოდებლები სჭირდება, რაც სარგებელს მოუტანს ქვეყნის ყველა მოქალაქეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის ხედვაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია ისეთი რეფორმების განხორციელება, რომლებსაც უშუალო გავლენა ექნება ხალხის კეთილდღეობაზე.
პრემიერის თქმით, წარმატებები, რომლებიც მიღწეულია საკანონმდებლო და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმების, კერძო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმისა და სოფლის მეურნეობის სტიმულირების კუთხით, მხოლოდ დასაწყისია.
„ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ ყველაზე მნიშვნელოვანს - უმუშევრობის შემცირების აუცილებლობას. უმუშევრობის მაჩვენებელი 2013 წელს 14,6 პროცენტი იყო, რაც 2014 წელს 12,4 პროცენტამდე შემცირდა. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით. ცუდია ეს თუ კარგი, როცა არ გვაქვს ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი მარაგი, ჩვენი ქვეყნის წარმატების გზა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე გადის. ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოში არ შეიცვლება მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის მიზანი არ არის, იყოს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ქვეყანაში. საქართველოს ეკონომიკურ მოდელში ეს ბიზნესის კომპეტენციაში შედის. ბიზნესი ქმნის ქონებას, ზრდის ექსპორტს და უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობა, თავის მხრივ, შექმნის ჯანსაღ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოს, რომელშიც ყველა ბიზნესმენს ექნება თანაბარი უფლებების გარანტია.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდა, მტკიცედ დაუდგნენ საქართველოს გვერდით, რათა ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარდგეს, როგორც ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის მიმზიდველი ადგილი.
„სწორედ თქვენ, როგორც უცხოელებს, გაქვთ ყველაზე ობიექტური და სანდო ინფორმაცია საქართველოზე. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული შესაბამისი აზრის შექმნა თქვენს პროფესიულ წრეებში. რასაკვირველია, თქვენ გაქვთ ზღვა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან - ადგილობრივი პარტნიორები, პრესა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე დიალოგი თქვენთან, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ მთავრობის პოზიციას და მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური