საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან

2015-05-22

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიელ კოლეგას ევროპული არჩევანისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საბოლოო მიზანი არ არის.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივას და ბიზნესებს შორის კონტაქტების გამყარების აუცილებლობას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური