პრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას შეხვდა
2015-05-13
რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაციის შეხვედრის ძირითადი თემები. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების პრიორიტეტულ თემებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესზე. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველო განაგრძობს ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მიზანია ახალი ინიციატივის წამოწყება, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების ხელშეწყობისკენ. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. აღინიშნა საქართველოს როლი საერთაშორისო ანტიტერორისტულ მისიებში. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.