საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
EIB-ის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის ცერემონია
2015-04-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) წარმომადგენლობის ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილი ოფისის გახსნას მიესალმება და მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს ნიშნავს მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას, როგორც სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორში. მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ წარმომადგენლობით ოფისს რეგიონული მნიშვნელობა ექნება და ის უზრუნველყოფს EIB-ის საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. „დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა საქართველოში და მთლიანად რეგიონში, იქნება ეფექტიანი და დრო გვაჩვენებს, რომ წარმომადგენლობითი ოფისის საქართველოში გახსნა სწორი გადაწყვეტილება იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა და მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის როლის გაზრდას რეგიონში და რეგიონალური ეკონომიკური კავშირების განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ოფისის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმებს უმასპინძლებს, მათ შორის - 13-15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, 19-21 ივნისს - შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, ხოლო ოქტომბერში - მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენციას. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის მიერ საქართველოში როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის დაფინანსების პორტფელის ზრდას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|