საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან
2016-02-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ინტერვიუ მისცა.
2016 წელს საქართველომ შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, აცხადებს პრემიერ-მინისტრი საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა დაძლიოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკის შეფერხება, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობა გამართავს ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც დაზარალდა მეზობელ ქვეყნებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო. „წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, და შეიძლება წელსვე". როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საგადასახადო რეფორმების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო კორპორაციული მოგების დაბეგვრის გაუქმება, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. ინფრასტრუქტურული ინვესტიციები „ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები", - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელსაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსების სფეროში (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ). საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის - ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება. კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა. „ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი", - აცხადებს კვირიკაშვილი. მან დაამატა აგრეთვე, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის გათვალისწინებით, ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა, ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღვივებაში. „ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
წყარო: http://uk.reuters.com/article/uk-georgia-premier-idUKKCN0VL0Q2
|