საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს

2021-04-06

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. 

ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. 

განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. 

ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური