საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
წყალტუბოში იუსტიციის სახლი შენდება
2021-03-13 წყალტუბოში სულ მალე იუსტიციის სახლი გაიხსნება. იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა წყალტუბოს მცხოვრებთ უახლოეს ხანში შეეძლებათ. წყალტუბოს იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება შესაძლებლობა, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს. დღეს საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 13 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონის, ბოლნისისა და ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ.
|