საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეების დახმარების სტატისტიკა
2020-12-04 ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, გასულ თვეებში მოქალაქეებისთვის გაცემული სხვადასხვა სახის დახმარების სტატისტიკა: დაქირავებით დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან იყვნენ უხელფასო შვებულებაში, გაიცა 1200-ლარიანი კომპენსაცია (200 ლარი-6 თვე). დეკემბრის მდგომარეობით კომპენსაცია 162 220-მა პირმა მიიღო და ჯამური თანხა 129 324 100 ლარს შეადგენს; თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის გაიცა კომპენსაციები ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით. კომპენსაცია მიიღო 248 817-მა პირმა; ჯამში გადარიცხული თანხა შეადგენს 74 645 000 ლარს; 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება მიიღო 915 411-მა ბავშვმა ჯამური თანხა - 183 082 200 ლარი; მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარს შეადგენდა; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (საშუალოდ 100 ლარი-6 თვე). ოჯახის ჯამური რაოდენობა - 79 158; გადარიცხული თანხა - 50 451 335 ლარი; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე).ოჯახის ჯამური რაოდენობა - 25 159; გადარიცხული თანხა - 14 285 600 ლარი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჯამში გადაერიცხათ 600-ლარიანი კომპენსაცია (100 ლარი-6 თვე), ჯამში- 26 039 600 ლარი; ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში მოქალაქეების მხარდაჭერისთვის ახალი დახმარებები ამოქმედდა: კომუნალური ხარჯების სუბსიდირება - 4 თვის განმავლობაში 1200-ლარიანი დახმარება, მათთვის ვინც დაკარგა სამსახური. 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც დეკემბერ-იანვარში შეეხებათ გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვები. 600-ლარიანი დახმარება 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი. 600-ლარიანი დახმარება ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა.
|