საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გაიხსნა

2020-10-24

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ" ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტ​ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან.

რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და როგორც საოპერაციო მოდელი, ასევე პროგრამები შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან

უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად.