საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა
2020-08-17 პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელი დატოვა. Fitch-ის პოზიცია ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესგარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ. ორგანიზაცია თვლის, რომ მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ის ღონისძიებები იქნება, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით - კრიზისის განმავლობაში, ეკონომიკური პოლიტიკის საიმედო და თანმიმდევრულმა ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ წინა შეფასების შემდგომ, Fitch-მა შეამცირა ქვეყნების უმრავლესობის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ის, იაპონიის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა,კანადის სუვერენული რეიტინგი. საქართველოს მიმართ შეფასებაში, აქცენტია გაკეთებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაზე , რომელთანაც პროგრამის 2021 წლის აპრილამდე გაგრძელება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის საიმედოობასა და მთავრობის მისწრაფებას - გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმები. Fitch-ის შეფასებით, მეორე ნახევარში მოსალოდნელია შიდა მოთხოვნის გაჯანსაღება. სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება პოზიტიური ფაქტორია, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტების ნდობას საქართველოს მიმართ და დადებითად აისახება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე.
|