საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

2020-04-21

დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს და ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდში თანხმობა არსებობს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ბრძოლა Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რომ ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე, დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება.

„Covid-19-ის გლობალური გამოწვევა, ძალიან მძიმედ აისახება, როგორც თითოეულ მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რასაც თითოეული ჩვენგანი ზედმიწევნით ზუსტად  აღვიქვამთ.

საქართველოს მთავრობის ბრძოლა ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რომ ჯერ კიდევ ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა COVID 19-ის გავრცელება. რა თქმა უნდა ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს.

სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტია ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი. ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და  სპეციალისტები ანალიზის საფუძველზე პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე 2-3 კვირის განმავლობაში, ქვეყანა  ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ - პიკურ ფაზაში შედის.

„შესაბამისად, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მოქმედებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.  უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ეტაპობრივი ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ, და ეტაპობრივ  მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორედ ეტაპობრივად დაგეგმილი და ეს პროცესი აუცილებელია, ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც მიმდინარეობდა შეკავების პროცესი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთავრობას შესაძლებლობა ექნება, შემსუბუქდეს ის შეზღუდვები, რომელიც აქამდე მოქმედებს.

„გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში შეუძლებელი იქნება დაწესებული რიგი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისათვის და ეკონომიკური ცხოვრებისათვის ხელშეწყობას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას საშუალებას აძლევს, მომზადებული იყოს თითოეული მოქალაქის ხარისხიანად მკურნალობისთვის და   წარმატებით გაუმკლავდეს ამ პროცესს.

„ჩვენი  ამოცანაა, ერთდროულად ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე, რათა ორივე მიმართულებით ვიყოთ ეფექტიანები და მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ასევე ეტაპობრივად დაიწყო.

„პირველ ეტაპზევე გავატარეთ აუცილებელი ზომები. მათ შორის იყო: 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა საქართველოს მოსახლეობისთვის; 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ანუ სპეციალური მექანიზმი მთავრობის მხრიდან, რომელიც ხელ უწყობს იმას, რომ   ამ 9 პროდუქტზე არ გაიზარდოს ფასები; საგადასახადო შეღავათები დაუწესდა ბიზნესს; 3 თვით მოხდა საბანკო მომსახურების გადავადება მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის.

შემდეგ ეტაპზე უკვე გამოჩნდა ის უპრეცედენტო დიდი შრომის შედეგი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწია და იმ თანმიმდევრული რეფორმების შედეგი, რის შედეგადაც ჩვენმა ქვეყანამ და მისმა მთავრობამ შეძლო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ დოლარზე მეტის მობილიზება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან და დონორებისგან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, პარასკევს, 24 აპრილს საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება.  ესენია - მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა;

„ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად გაგრძელდება მუშაობა უკვე პოსტკრიზისულ გეგმაზე.

ჩვენს მოქალაქეებს გვინდა ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება დაწესებული შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. გვესმის, რომ რთულია შეზღუდულ პირობებში ცხოვრება, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს რეკომენდაციები, მით მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში. ამიტომ, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, გავუფრთხილდეთ სხვებს და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ მინისტრის პრესსპიკერის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილების  აკრძალვა კვირის ჩათვლით გაგრძელდა, ანუ ორშაბათამდე - 27 აპრილამდე.

„ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პერიოდშიც ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოხატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას. გვინდა მათთვის კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წამომადგენლებს, საკვებისა და სასურსათო ობიექტების, ადგილზე მიტანის სერვისების თანამშრომლებს, ასევე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს და სხვა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც, მათ შორის ეკონომიკური, დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და გადაადგილება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავარი და აუცილებელი ფუნქციები ქვეყანაში იქნას შესრულებული",  - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური