საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

2021 წელს საქართველო კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

2018-04-27

2018 წლის 18-19 აპრილს ქ. ლუქსემბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ EPA-ს 32 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. საქართველოს სახელით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, EPA-ს მმართველმა საბჭომ განიხილა კულტურული მარშრუტების 2017 წლის საკონსულტაციო ფორუმის შედეგები, რომელიც გაიმართა იტალიის ქ.ლუკაში და ასევე, 2018 წელს გერმანიის ქ. გორლიცში დაგეგმილი ფორუმის საორგანიზაციო საკითხები. აღსანიშნავია, რომ მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ხვდა პატივი 2021 წელს უმასპინძლოს კულტურული მარშრუტების ამ მასშტაბურ ფორუმს.

საკონსულტაციო ფორუმი წარმოადგენს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელსაც ესწრება დაახლოებით 200-300 მოწვეული სტუმარი, მათ შორის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციების, EPA-ს წევრი ქვეყნების და პოტენციური მარშრუტების წარმომადგენლები, კულტურული მარშრუტების მმართველი ორგანიზაციები, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მეცნიერები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ ეზიარონ კულტურული ტურიზმის კუთხით ევროპის მასშტაბით არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, და ასევე, მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და მემკვიდრეობას. მსგავსი ღონისძიების საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით, კულტურული ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ფორუმი საუკეთესო საშუალებაა მონაწილე ქვეყნების პრაქტიკისა და საუკეთესო მაგალითების გასაცნობად.

გარდა ამისა, EPA-ს წევრი ქვეყნების ხელშეწყობისა და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ეროვნულ დონეზე განხორციელების მიზნით, EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის "ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუქების შემუშავება (მეფინგი)" (Cultural Routes National Country Mapping) განხორციელებას, რაც მოიცავს წევრ ქვეყნებში ევროპის საბჭოს ექსპერტების დახმარებით კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევის ჩატარებასა და ანგარიშის მომზადებას. მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ გამოთქვა სურვილი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობაზე, რაზეც საბჭომ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუქის შემუშავება (მეფინგი).