საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მასწავლებლებისთვის ფიზიკისა და ინგლისური ენის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

2016-08-22

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საჯარო სკოლის, ფიზიკის მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგს „სასკოლო ექსპერიმენტები ფიზიკაში ლაბორატორია "PHYWE" -ს დახმარებით".

1-კრედიტიანი ტრენინგ-მოდული, რომელიც შედგება 24 საკონტაქტო და 6 არასაკონტაქტო საათისგან, გათვლილია მსმენელების საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე და სწავლების პროცესში ლაბორატორიული ექსპერიმენტების გამოყენებაზე.

მოდულის სატრენინგო მასალა მოიცავს ფიზიკის მასწავლებლის სტანდარტითა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. პედაგოგები გაეცნობიან ფიზიკის ლაბორატორიაში გამოყენებულ გამმზომ ხელსაწყოებს, მონაცემთა შეგროვებას, დახარისხებას და წარმოდგენას გრაფიკებისა და ცხრილების სახით, გაზომვის ცდომილებას, მათი განსაზღვრის მეთოდებს, ლაბორატორიული ექსპერიმენტების აწყობისა და ჩატარების მეთოდებს.

ტრენინგები ჩატარდება ილიას უნივერსიტეტში განთავსებულ ფიზიკის ლაბორატორიაში.

ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე.

რეგისტრაცია საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლებისთვის

 

ასევე, ბრიტანეთის საბჭოს პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით „ინგლისური ენის ციფრული რესურსები მოსწავლეებისთვის, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა", მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1-კრედიტიან (16 საკონტაქტო და 9 არასაკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს ენის სწავლების პროცესთან სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლები შეძლებენ ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას უცხოური ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას.

ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში; გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოვახერხოთ მოსმენისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

სატრენინგო აქტივობები და დავალებები შესაბამისობაშია ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. მასწავლებლები კურსის ფარგლებში შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან ციფრული რესურსი.
ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.

ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე.

რეგისტრაცია ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის