საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის ხელმძღვანელობით, ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის, მაკა ფერაძის ხელმძღვანელობით, ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-26 მარტს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, ვირტუალურად გაიმართა. წელს პირველად, სესია ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა გახსნა. სესიაში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ღონისძიებებში გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, გაეროს სააგენტოები, მათ შორის, ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია და ECOSOC-ის აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. გენერალურ დებატებსა და 65-ე სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, უწყების შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კლიმიაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა ინსპექტორმა იზა კასრელიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს მრჩეველმა გიორგი ბედოიძემ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე გვანცა საკანელაშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის - „თანხმობა" უფროსმა იულია ხარაშვილმა. სესიის პრიორიტეტულ თემებთან ერთად, ასევე განიხილეს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული და ეფექტური თანამონაწილეობის მიღწევისთვის კავშირების დამყარება, კოვიდ-19-ის პანდემიისა და მისგან გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების პროცესში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობა და სხვა საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური |