საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები; ჩვენი პასუხი იყო - ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ
პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. „ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ე.წ ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს სორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. გამოვთქვი იმედი, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური და საგნობრივი განხილვა გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც იმედია, ახლო მომავალში ჩატარდება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან საუბარი შეეხო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საუბრისას ასევე განიხილეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და აღინიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ მცირე პროგრესია და გამოითქვა მზაობა, ხელი შეეწყოს შესაბამისი საექსპერტო ჯგუფების მუშაობას. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|