საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ!“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას საქართველო მასპინძლობს
2019-11-21 სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე თბილისი მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. „მთავრობის მხრიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და შეიქმნა სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი მექანიზმები , როგორც კონკრეტულ სამინისტროებში, ისე ცენტრალიზებულ დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ტრენინგების და კონფერენციების ფორმატში, ისე ზოგადად ამ მიმართულებით ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის. "დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ. ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ნაწილია, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაზე, ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს იმართება.
|