საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

2017-02-16

მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.

აღნიშნული ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაძლიერება და მათთვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიით და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულების პროცესს.

აღნიშნული პროექტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.