საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც 2009 წლის 1-2 ივნისს მეთექვსმეტე საერთაშორისო გამოფენა-კონფერენცია „კასპიის ნავთობი და გაზი 2009" გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდა 30 ქვეყნის 500-მდე დელეგატი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

კონფერენციის მთავარი თემა ახალი ენერგოპროექტები იყო, კერძოდ ნაბუკო, თეთრი ნაკადი და ტრანსკასპიური გაზსადენი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საერთაშორისო კონფერენციაზე, სიტყვით გამოვიდა: "მე მეოთხედ ვესწრები კონფერენციას, მაგრამ პირველად პრემიერ-მისნიტრის რანგში. აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ის რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა ისევე, როგორც ის სტრატეგიული, ალტერნატიული დერეფანი, რომელიც სწორედ საქართველოზე გადის. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ. ამის მაგალითებია ბაქო-ჯეიჰანისა და ერზრუმის პროექტები. ევროპისთის უხერხული სიტუაცია არასოდეს შეგვიქმნია. ამ რეგიონში მომავალი ენერგეტიკული პროექტების ბედი წყდება. საუბარი გვაქვს ნაბუკოს პროექტზე, ტრანსკასპიულ მაგისტრალზე და თეთრ ნაკადზე, რომელიც საქართველოს და ევროპას შავი ზღვის გასწვრივ დააკავშირებს."

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს არტურ რასი ზადეს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა, ენერგეტიკის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის და ამ თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების საკითხი იყო.

,,საქართველოს, აზერბაიჯანთან ენერგეტიკული პრობლემა აღარ აქვს. ვსაუბრობ ახალ, მსხვილ, ინფრასტრუქტურულ და სტრატეგიულ პროექტებზე, ასევე 500 კილოვოლტიან ხაზზე, რომლის მშენებლობასაც წელს დავიწყებთ და მომავალ წელს დავასრულებთ. გარდა ამისა ჩვენი საუბარი გაზის საცავსაც შეეხო, რომლის პროექტირებას ახლა "ემსიჯი" აფინანსებს. განვიხილეთ ასაევე ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საკითხი,''-განაცხადა ნიკა გილაურმა.

 პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური