საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ლონდონში იმყოფებოდა, სადაც 2009 წლის 13-17 მაისს ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მმართველთა ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ლონდონში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელს ბრიუს ჯორჯს (Bruce George) შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრეს. "ძირითადად, მაინც აღელვებდათ ურთიერთობა რუსეთთან მიმართებაში. ძირითადი განხილვის თემა დიდ ბრიტანეთთან ეს არის - თუ რა მდგომარეობაა ახლა რუსეთთან დაკავშირებით და მათ მიერ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთან მიმართებაში. პარლამენტში, დღევანდელი ჩვენი განხილვა უფრო საერთაშორისო კუთხეს ეხებოდა, ვიდრე შიდაპოლიტიკურ ასპარეზს. ჩვენ გვაქვს, დიდი ბრიტანეთის სრული მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობებში. ეს ეხება როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში, ასევე სხვა - ბრიუსელის კონფერენციიდან გამომდინარე ფინანსურ მხარდაჭერას", - აღნიშნა ნიკა გილაურმა. აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საქმეთა მინისტრს ქეროლაინ ფლინთს შეხვდა. შეხვედრისას, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს. როგორც ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობით და მხარს უჭერს მას იმ სირთულეებში, რომელიც საქართველოს 2008 წლის ზაფხულს გადახდა. გარდა ამისა, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ. ახლა, მოლაპარაკებებს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და სავარაუდოდ ორ თვეში ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება," - აღნიშნა ნიკა გილაურმა. აგრეთვე ნიკა გილაური დაესწრო ლონდონის საგამოფენო ცენტრ "ექსელში" ღვინის ფესტივალის დახურვას, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია. ბრიტანეთში ყოფნისას, პრემიერ-მინისტრი ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის სატრანსპორტო დეპარტამენტის დირექტორს, სიუ ბარეტის (Sue Barrett), ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის საფინანსო დაწესებულებების დირექტორს ნიკ ტესიმანსისა (Nick Tesseyman) და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვაში და ბელარუსში პოლ-ჰენრი ფორესტერის (Paul-Henry Forestier) შეხვდა. პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური
|