საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა
2018-11-20 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში ქართულ დიასპორას შეხვდა. მთავრობის მეთაური ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. მათ შორის, პრემიერმა ხაზი გაუსვა განათლების სექტორში ძირეულ ცვლილებებს და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი პოტენციალის სამშობლოში რეალიზების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სპეციალური ვებპორტალის შექმნას გულისხმობს. დიასპორული ვებპორტალი, რომლის კონცეფცია უკვე მომზადებულია, სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და დიასპორას შორის ეფექტური საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება და ამავე დროს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მისცემს საშუალებას, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო სერვისები, ასევე ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა სამთავრობო პროგრამაზე. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|