საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-05

  2

საქართველოში მაღალი ხარისხის ქურთუკების საწარმო გაიხსნება, რომლის პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი, - შესაბამისი შეთანხმება "ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან" საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. 

პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. 

საწარმოში მსოფლიოში  ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა კომპანიის მენეჯმენტთან გამართა, საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც როგორც ქართულ, ისევე ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ  მისცა. 

ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს საექსპორტო პოტენციალს და ჩინეთის საერთაშორისო იმორტის ფორუმს, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს. 

შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელ საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, ხელი საქართველოს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და "ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა სია ტუძიემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური