ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-21

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებულ ღია კონკურსში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით, შესაბამისი განცხადებები საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 დეკემბრის №2367 განკარგულებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიზნით წარადგინეს: ნინო ქუბინიძემ, აკაკი გიგინეიშვილმა, ივანე მახარაძემ, ეკატერინე იმედაძემ, თამარ ჭელიძემ, ვახტანგ შევარდნაძემ, ირინე ვერძეულმა, კონსტანტინე ქათამაძემ და მირიან ღოღობერიძემ, ხოლო 2020 წლის 8 დეკემბრის №2368 განკარგულებით გამოცხადებულ კონკურსში - ნინო ქუბინიძემ, აკაკი გიგინეიშვილმა, ირაკლი ბუთბაიამ, ნათია კუკულაძემ, ოლია ვოტმა, თამარ ჭელიძემ, ვახტანგ შევარდნაძემ, ირინე ვერძეულმა, კონსტანტინე ქათამაძემ და მირიან ღოღობერიძემ.

კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს ელისო ასანიძესა და მერაბ ქათამაძეს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 18 მარტს ეწურებათ. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 დეკემბრის №2367 და №2368 განკარგულებების თანახმად, გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე. თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს, არჩევის მიზნით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური