საქართველოს მთავრობა – 2007 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელის გამოსვლა საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე

19 მარტს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო,
პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, მადლობა გადავუხადო იტალიის ელჩს, ბატონ ფაბრიციო რომანოს დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისათვის. აგრეთვე, მადლობა მინდა მოვახსენო იტალიიდან ჩამობრძანებულ სტუმრებს საქართველოსადმი გამოვლენილი ინტერესისათვის.
დღეს მოკლედ მინდა ვისაუბრო საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. იმ რეფორმებზე, რომლებმაც მკვეთრად გააუმჯობესა ქვეყანაში სამეწარმეო გარემო და მაღალი შეფასება ჰპოვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების წლიურ მოხსენებებში.
მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველო 2006 წელს N1 რეფორმატორ ქვეყნად აღიარა. ბიზნესის წარმოების სიადვილის თვალსაზრისით კი, ქვეყანამ 112-დან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდან დავიწყეთ ყოვლისმომცველი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. აღნიშნული მიმართულებით წარმატების მისაღწევად ინსტიტუციონალური ცვლილებები განხორციელდა საჯარო სისტემაში. მძიმე ბიუროკრატიული აპარატი შეიცვალა პატარა, მაგრამ მოქნილი სამთავრობო სტრუქტურით. გავაუქმეთ რამდენიმე სამინისტრო, 18 სამინისტროდან დარჩა მხოლოდ 13, დაახლოებით 50%-ით შემცირდა სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა საშტატო ერთეულების შემცირება, მიზნად ვისახავდით სამთავრობო ბიუროკრატიისა და ბიზნესის ინტერაქციის მინიმუმამდე დაყვანას (რაც თავისთავად კორუფციის შემცირებას უზრუნველყოფდა).
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით საქართველო ევროპის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყნების სამეულში შევიდა.
უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა სამართალდამცავ ორგანოებში. მემკვიდრეობით წილად გვერგო მეტად კორუმპირებული საბჭოური ტიპის საგზაო ინსპექცია (400 კილომეტრიან მონაკვეთზე საშუალოდ 50-ჯერ ხდებოდა სატვირთო ავტომანქანის შეჩერება და ქრთამის გამოძალვა). მოგვიწია ძალზე მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება რეფორმის დასაწყისში, სამსახურიდან საპატრულო პოლიციის დაკომპლექტებამდე დათხოვნილ იქნა საგზაო ინსპექციის სრული შემადგენლობა, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ქუჩებში ვეღარ შეხვდებოდით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელებს. ანალოგიური ცვლილებები განხორციელდა საბაჟოზეც (დღეს საბაჟოზე არავინ მუშაობს, ვინც იქ 2003 წლამდე მსახურობდა).
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა განათლების სფეროში. წლების განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების დროს დამკვიდრებული აღებ-მიცემლობის პრაქტიკის ნაცვლად, შემოვიღეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდებმა იციან, რომ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების ერთადერთი საწინდარი არის საკუთარი განათლება.
ვახორციელებთ სამართლებრივი სისტემის რეფორმას. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ იქნა რეფორმის სტრატეგია.
აღნიშნული სტრატეგია მოიცავს კრიმინალური სამართლის 9 ძირითად მიმართულებას (სასამართლო სისტემა, სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტი, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, კრიმინალის აღკვეთა, პროკურატურა, პენიტენციალური სისტემა, იურიდიული განათლება და ა.შ). ცვლილებები შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვით შეიცვალა გასაჩივრების პროცედურები და შედარებით მარტივი კომერციული დავების გადაწყვეტის ხანგრძლივობის დრო შემცირდა 375-დან 285 დღემდე. მომავალში იგეგმება მაგისტრი მოსამართლეების ინსტიტუტის შემოღება მარტივი სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად. განხორციელებული სამართლებრივი რეფორმის შედეგად მივიღებთ გამართულ სამართლებრივ სისტემას, რაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისა და საკუთრების დაცვის მყარი გარანტი იქნება.
ამჯერად, თქვენს ყურადღებას შევაჩერებ საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და ფისკალურ რეფორმებზე. 2005 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლის მიხედვითაც გადასახადების რაოდენობა 22-დან 7-მდე შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა გადასახადის განაკვეთებიც: დღგ-ს 20%-იანი განაკვეთი 18%-მდე იქნა დაყვანილი, სოციალური გადასახადი - 31-დან 20%-მდე, საშემოსავლო გადასახადი - 20%-დან 12 %-მდე. შესაბამისად, გათვალისწინებულია ინვესტორების ინტერესები კაპიტალდაბანდების შემთხვევაში: მოქმედებს 100% ამორტიზაციის პრინციპი. ინვესტიციების განხორციელებისას ხდება დღგ-ს ჩათვლა და თვენახევრის განმავლობაში თანხის ინვესტორისათვის ანაზღაურება.
ახლახანს, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების მიზნით შეიქმნა ერთიანი შემოსავლების სამსახური. ამიერიდან, საკუთარი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის დეკლარირებისათვის მეწარმეს ურთიერთობა მოუწევს მხოლოდ ერთ სამთავრობო სტრუქტურასთან.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ფართო საზოგადოებას აცნობა საგადასახადო სისტემის შემდგომი გამარტივების შესახებ. 2008 წლიდან მოგების გადასახადი შემცირდება 20%-დან 15%-მდე. ერთ გადასახადში გაერთიანდება სოციალური და საშემოსავლო გადასახადი და საშუალო შეწონილი განაკვეთი 27-დან 25%-მდე შემცირდება. განაკვეთების შემცირებასთან ერთად გადასახადების რაოდენობა 7-დან 6-მდე დაიკლებს. დამეთანხმებით, რომ ყოველივე ეს მნიშვნელოვნად გააიოლებს ბიზნესის წარმოებას საქართველოში.
საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით ვახორციელებთ ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას. გავაუქმეთ საიმპორტო გადასახადები გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სამშენებლო მასალებზე. აღნიშნულ პროდუქციაზე დავტოვეთ მხოლოდ 3 განაკვეთი: 0, 5 და 12 პროცენტი.
2007 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაშია მოყვანილი.
მნიშვნელოვნად შემცირდა და გამარტივდა ექსპორტ-იმპორტის პროცედურები. იმპორტზე საბაჟო პროცედურები 52-დან 15 დღემდეა შემცირებული, ხოლო ექსპორტზე - 30-დან 8 დღემდე. მინიმუმამდეა დაყვანილი საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერები. საექსპორტოდ საჭირო დოკუმენტების რაოდენობა 9-დან 3-4-მდეა შემცირებული, ხოლო იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტების რაოდენობა - 16-დან 5-8-მდე.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გატარებული პოლიტიკა საწარმოს დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციის დრო 7-დან 3 დღემდე შემცირდა. ბიზნესის რეგისტრაციამ გადაინაცვლა სასამართლოდან საგადასახადო დეპარტამენტში, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეერთიანებინა ბიზნესისა და გადამხდელად რეგისტრაციის პროცედურები. 2000 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდა შპს-ს მინიმალური საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა. აღნიშნული ცვლილებებით, მნიშვნელოვნად შემცირდა დრო, ხარჯი და კორუფციის რისკი საქართველოში ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის შედეგად, თითქმის გაორმაგდა დარეგისტრირებული საწარმოების რიცხვი.
იგივე პრინციპებით ვხელმძღვანელობდით ლიცენზიებისა და ნებართვების სფეროში რეფორმის განხორციელების შემთხვევაშიც. 2005 წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ. დაახლოებით 800-ით, ანუ 85%-ით, შემცირდა იმ საქმიანობების რიცხვი, რომელიც წინათ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას. დარჩენილია მხოლოდ 92 ლიცენზია და 52 ნებართვა. ლიცენზიის გასაცემად საჭირო დრო შემცირდა 30 დღემდე, ხოლო ნებართვის - 20 დღემდე.
მნიშვნელოვნად გამარტივდა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით შემცირდა დრო და არაპირდაპირი ხარჯები ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. დღეს უკვე, ნებისმიერი სახის უძრავი ქონების რეგისტრაცია შესაძლებელია 6 დღეში ქონების 0.5%-ის საფასურად.
2006 წელს მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომლის მიხედვითაც უპირატესობა საკონტრაქტო ურთიერთობებს ენიჭება. ორივე მხარეს საშუალება აქვს შრომის განრიგთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული ყველა პირობა სრულად ასახოს კონტრაქტში. ჩვენ, ამ შემთხვევაში, თავი შევიკავეთ დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობებში ზედმეტი ჩარევისაგან და ეკონომიკას მივანდეთ მათ შორის თავისუფალი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ქვეყანაში ფინანსური შუამავლობის განვითარებისა და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობისათვის ჩვენ ვაგრძელებთ ფინანსური სფეროს რეფორმას. უცხოური მაღალრეიტინგული ბანკებისათვის (რეიტინგით A+ და მეტი) მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოს ბაზარზე შემოსვლის პროცედურები. სულ რაღაც 1 წლის წინ კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელი იყო პიროვნებას ჰქონოდა 25%-ზე მეტი წილი საქართველოს კომერციულ ბანკების საწესდებო კაპიტალში. დღეისათვის ეს შეზღუდვა მოხსნილია. ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იზრდება კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალი. საფუძველი ჩაეყარა საკრედიტო ისტორიების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებას - კომერციული ბანკები საკუთარი ,,კარგი" კლიენტებისათვის გაამარტივებენ კრედიტის გაცემის პროცედურებს. ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლებელი გახდება საფონდო ბირჟისა და ბროკერის შუამდგომლობის გარეშეც.
ძალზედ შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიეთ ენერგეტიკის სფეროში. წელს იყო პირველი ზამთარი, როდესაც საქართველომ არა მარტო დაიკმაყოფილა საკუთარი მოთხოვნა ელექრტოენერგიაზე, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორიც გახდა მეზობელ აზერბაიჯანში. ამგვარი შედეგი წარმოუდგენელი იყო სულ რაღაც 1 წლის წინათაც კი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო სტაბილურს და საიმედოს გახდის რეგიონის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხს. დიდია დარგში ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი. საქართველო ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა, .დღეისათვის, ქვეყნის ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 11%-ია ათვისებული. დამტკიცებული ენერგოპოლიტიკის მიხედვით იგეგმება თერმული სადგურების ჰიდროელექტრო სადგურებით ჩანაცვლება. უახლოეს მომავალში ვიწყებთ ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც დასავლეთ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული მშენებლობები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი იქნება, საგრძნობლად შემცირდება ბუნებრივ აირზეც საქართველოს დამოკიდებულება.
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით უმნიშვნელოვანეს ყურადღებას ვუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება გზების, კომუნიკაციებისა და წყალგაყვანილობების სისტემების რეაბილიტაციაში.
ვარდების რევოლუციის შემდგომ, საქართველო მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზას ადგას. მშპ-ს კუმულატიურმა ზრდის ტემპმა 30% შედგინა. 2006 წელს მშპ-ს რეალური ზრდა 9.1% იყო. მიმდინარე წელს მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის ორნიშნა (12-15%) დონემდე გაზრდა.
ორნიშნა ზრდის ტემპებით ვითარდება ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვანი ნაწილი. ესენია: საბანკო სექტორი, სამთომომპოვებელი და დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა.
2006 წელს 2005 წელთან შედარებით 150%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში და მშპ-ს 15% შეადგინა. ჩვენის ვარაუდით, მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 70%-ით გაიზრდება და 1.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს რაც მშპ-ს დაახლოებით 1/5-ია. ინფლაციის ერთნიშნა დონე და სტაბილური სავალუტო კურსი დამატებითი მასტიმულირებელი ფაქტორებია ეკონომიკის განვითარებისათვის. რუსეთის ფედერციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გატარებულ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, 2006 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობა 39.2%-ით გაიზარდა (მათ შორის ექსპორტი 15%-ით და იმპორტი 48%-ით). აქვე მინდა აღვნიშნო რუსეთის ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. საქართველომ დაკარგა საექსპორტო ბაზრის 17%, რაც დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ეკონომიკისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნებოდა. ჩვენი გათვლებით, ემბარგოს არარსებობის შემთხვევაში 2006 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდა ორნიშნა დონეზე იქნებოდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოში კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებებით. ნება მიბოძეთ მოკლედ წარმოგიდგინოთ ისინი:

ჰოსპიტალური სექტორის განვითარება
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით წამოვიწყეთ ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში. უნდა ვაღიარო, რომ დღეისათვის საქართველო ამ მიმართულებით შორსაა განვითარებული ქვეყნების სტანდარტებისაგან. ჩვენი ვარაუდით ჰოსპიტალური სექტორის განვითარება დაახლოებით 3 წელიწადს გასტანს. შედეგად, ქვეყანას ექნება 100 თანამედროვე ტიპის საავადმყოფო და 7800 უმაღლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საწოლი. მოგიწოდებთ, ყურადღება გაამახვილოთ აღნიშნულ მიმართულებაზე, რადგანაც ახლა არის ამ სექტორში კერძო ინვესტიციების განხორციელების საშუალება. მთავრობა, ახალი საავადმყოფოების მშენებლობების სანაცვლოდ, რომლებიც აგრეთვე ინვესტორის მფლობელობაში დარჩება, მზად არის უფასოდ გადასცეს ინვესტორს თბილისში არსებული ძველი საავადმყოფოების ფართი შესაბამისი მიწის ნაკვეთით.
საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩვენს სამომავლო გეგმებს შორის. დღეისათვის, სახელმწიფო ყველა საპენსიო ასაკს მიღწეულ მოქალაქეს უხდის ფიქსირებულ თანხას. ჩვენ მიზნად ვისახავთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას. რეფორმის განხორციელების მიზნით, მზად ვართ კიდევ უფრო შევამციროთ საშემოსავლო გადასახადი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიეცეს საკუთარი შემოსავლების განკარგვის საშუალება (დახარჯოს დღესვე, დააბანდოს ბიზნესში, შეიტანოს საპენსიო ფონდებში და ა.შ.). ამასთან, შეჭირვებულ ადამიანებზე მზრუნევლობას სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებიდან უზრუნველყოფს. საპენსიო რეფორმის გატარება ძალზედ გრძელვადიანი პროცესია და მისი შედეგების ხილვა დაახლოებით 20 წლის შემდგომ იქნება შესაძლებელი.
გრძელდება საკანონმდებლო რეფორმები ბიზნესის დახურვა/გაკოტრების მიმართულებითაც. ინიციატივის მიხედვით კრედიტორებს მიეცემათ პროცესებზე მეტი ზეგავლენის საშუალება, და მნიშვნელოვნად შემცირდება საწარმოს გაკოტრებისათვის საჭირო დრო.
უმნიშვნელოვანეს როლს ვანიჭებთ სამართლებრივი სისტემის რეფორმას. დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით მოსამართლეები დაინიშნება უვადოდ.
ინვესტიციების განხორციელება შესაძლებლებელია აგრეთვე ბუნებრივ რესურსებში. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილია სასარგებლო წიაღისეულის სხვადასხვა სახეობის 1550 საბადო. ,,დააბანდე წიაღისეულში" - ასე ეწოდება ახალ პროექტს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ათვისებას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი 14 მინერალური საბადოს შესახებ. ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოს აღნიშნული რესურსების შესახებ სამინისტროში ან სამინისტროს ვებ-გვერდზე. გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემა წარმოებს ღია აუქციონის წესით.
ჩემი გამოსვლის დასასრულს, მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ამ მოკლე პერიოდში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისა, საქართველოს მთავრობა კვლავ შემართებით აგრძელებს რეფორმების კურსს. ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი საქმისა, რასაც ძლიერი და სტაბილური ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის და მოგახსენოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ხელი შევუწყოთ ყველა მათგანს, ვისაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურს.
გმადლობთ!