საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რა კეთდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერისთვის

2020-12-03

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებზე დაყრდნობით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო აგრძელებს შშმ პირთა უფლებების დაცვასა და ხელშეწყობას. მათ შორის, შშმ პირებისათვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნა, საჯარო სერვისებზე თანაბარი მისაწვდომობა, ინკლუზიური განათლება, პროფესიული მომზადება-გადამზადება, დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური ინკლუზია და ცნობიერების ამაღლება.


საერთაშორისო პრინციპი „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე" საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირები აქტიურად არიან ჩართულნი მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში.

ვინაიდან, პანდემიამ შშმ ბავშვები და ზრდასრულები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი პირდაპირ მიზნობრივ ჯგუფს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები წარმოადგენენ. მხარდაჭერის პირველ ეტაპზე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, ასევე შშმ ბავშვებმა ჯამური 600 ლარიანი მხარდაჭერა მიიღეს, 6 თვეში. დახმარების შემდეგი 6-თვიანი პაკეტის გაცემა ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებშიც განხორციელდება, რომლითაც 43 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერაზე, და თემის წევრების ჩართულობაზე პრინციპით "არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე".

ინფორმაცია ვირუსის პრევენციის და რეგულაციების შესახებ, ვრცელდებოდა ალტერნატიული ვიდეო წყაროებით და ცხელი ხაზების საშუალებითაც. მაგალითად, შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ვიდეოები.


112-ის ცხელი ხაზი აღჭურვილია ვიდეო ზარის და SMS ფუნქციებით.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, შშმ ბავშვებს ცხელი ხაზი - 111 მოემსახურება.

კრიზისის მიმდინარეობისას, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები რეგულარულად თანამშრომლობენ შშმ პირთა ორგანიზაციებთან და თემის წარმომადგენლებთან, ინფორმაციის გავრცელების, არსებული საჭიროებების გამოვლენის და შესაბამისი პროგრამების მომზადების მიზნით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, EDF-ის და OHCHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, COVID-19-ის მკურნალობაზე მისაწვდომობა უზრუნველყოფილია ქვეყანაში მყოფი ყველა ადამიანისათვის, მათ შორის შშმ პირებისათვის, დისკრიმინაციის გარეშე.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გამართულად და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სახელმძღვანელოებისა და პროტოკოლების ნაკრები "ფსიქიკური ჯანმრთელობა და COVID-19: კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი)." პროტოკოლი მოიცავს როგორც ფსიქიკური ჯანდაცვის სტაციონარულ სერვისებში, ასევე სტაციონარგარეთა სერვისებში COVID -19 პირობებში პაციენტების უსაფრთხო მართვის სახელმწიფო სტანდარტებს.

კრიზისის მიმდინარეობისას, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სახელმწიფოში არსებული დიდი ზომის ინსტიტუციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ კრიზისის დაწყებისთანავე მოახდინა ქვეყანაში არსებული დიდი ზომის ინსტიტუციების სერვისების მოდელის რესტრუქტურიზაცია. სერვისების ნაწილი ხორციელდება დისტანციურად. პერსონალს კი მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჰიგიენისა და უსაფრთხოების დაცვის საშუალებები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, გაფართოვდა შინმოვლის პროგრამები, რომელშიც გაიზარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა.


შშმ ბავშვთა მშობლების მხარდაჭერის მიზნით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო ყოველკვირეული გადაცემა „მშობლის საათი" რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებს პრაქტიკულ რჩევებს უზიარებდა პანდემიასთან გასამკლავებლად. ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის გადაცემას ახლავს ჟესტური თარგმანიც. პროექტი მიმდინარეობის განათლების სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯია"-ს თანამშრომლობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.

2020 წლის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ახალი კანონის დამტკიცება. ახალი კანონი შშმ პირების უფლებების დაცვის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათი დაახლოების მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა.

სიახლეებს შორის, რომელთაც ახალი შშმ კანონი ითვალისწინებს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარება. ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, რომელიც მთლიანად მხედველობას ეყრდნობა. სახელმწიფო ცნობს ქართულ ჟესტურ ენას ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად, ასევე ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებად და უზრუნველყოფს მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ჟესტური ენის ამგვარი აღიარება სახელმწიფო დონეზე მოხდა პირველად ქვეყნის ისტორიაში.

კანონი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნისა და არსებულის ადაპტაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, კი შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად - 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს. ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს მისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.

პროექტი ასევე ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დანერგვას მუნიციპალურ დონეზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც.

გარდა ამისა, შშმ პირთათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ახალი კანონით იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.

შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონი აკისრებს სახელმწიფოს და ადმინისტრაციულ ორგანოებს.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სერვისებზე მისაწვდომობა წარმოადგენს. სერვისებზე მისაწვდომობის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა და იუსტიციის სახლები სრულად მისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. შენობები აღჭურვილია სპეციალური პანდუსებით და შესაბამისი სტანდარტების სართულშორისი ლიფტებით. შედეგად, ეტლით მოსარგებლე პირებს დახმარების გარეშე, დაუბრკოლებლად შეუძლიათ გადაადგილება შენობის მთელ ტერიტორიაზე. ასევე, უსინათლო და მცირემხედველ პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაადგილება მომსახურების დარბაზსა და მის გარეთ პერიმეტრზე დაგებული ტაქტილური ბილიკების და მიმართულების მანიშნებელი ბრაილის წარწერის მქონე (სანავიგაციო რუკების) დაფების გამოყენებით.

შშმ პირებისათვის ადაპტირებულია სხვა საჯარო დაწესებულებების შენობებიც, როგორიცაა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი და ადმინისტრაციული შენობა, აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულების პოლიციის შენობები და სხვ.

ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფილტრაციის საშუალებით შშმ პირებს შესაძლებლობა აქვთ მოიძიონ ადაპტირებული ბიუროები, სადაც დაუბრკოლებლად შეუძლიათ ეტლით შესვლა/გადაადგილება.

იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც დანერგა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, გადაამზადა 700-მდე ოპერატორი და სხვა უწყებების დახმარების მიზნით გამოსცა სპეციალური სახელმძღვანელო.

იუსტიციის სახლმა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის შექმნა ახალი ჟესტური სიმბოლოები, რომლებიც ამ დრომდე ჟესტურ ლექსიკონში არ არსებობდა და ამით გაამარტივა სახელმწიფოსთან საქმის წარმოების ენა. შედეგად, იუსტიციის სახლში ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ოპერატორთან კომუნიკაციის დამყარება ჟესტურ ენაზე შეუძლიათ. ამ მიზნით, ჟესტური ენა უკვე შეისწავლა 32-მა ოპერატორმა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად 40-ზე მეტი სხვადასხვა სერვისის მიღების შესაძლებლობას აძლევს. კონსულტაციას მათ კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე უწევენ.

დღეს-დღეობით ქვეყნის მასშტაბით 2 პენიტენციური დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, ხოლო 1 დაწესებულებაში ადაპტირებულია სამედიცინო ნაწილი.

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებისთვის 112-თან დაკავშირება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და ვიდეო ზარით.


დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრების ინფრასტრუქტურა ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. კერძოდ კი,
• კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმრო და სათევზაო ადგილი;
• ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სასტუმრო, კაფეტერია, საკემპინგე ადგილი;
• ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი;
• მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი;
• ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი;
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი;
• ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი;
• მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლები, ბაგა-ბაღები, დევნილთა კორპუსები, სარეკრეაციო ზონები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, კულტურის ობიექტები, სპორტული ინფრასტრუქტურა.


შშმ პირებისათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლობით, მიმდინარეობს სრულად ადაპტირებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული გადამზადების კურსები შშმ პირებისათვის. გარდა ამისა, ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შშმ სტუდენტების ინტეგრირება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო რეგულარულად ახორციელებს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებასა და მის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას.
ინკლუზიური განათლების განგრძობადი გაუმჯობესება განათლების სამინისტროს პრიორიტეტია. საჯარო სკოლებში 10,000-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე იღებს განათლებას.

ტელესკოლას დაემატა ქართული ჟესტური ენის გაკვეთილები

საჯარო სკოლებში ეტაპობრივად ეწყობა პანდუსები.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის იბეჭდება წიგნები ბრაილის შრიფტით. ამასგარდა, პროფესიულ განათლებაში ჩართული უსინათლო სტუდენტებისათვის შეიქმნა სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიები.

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეგულარულად ხორციელდება ინკლუზიური განათლების მონიტორინგი ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე.

შშმ პირები სარგებლობენ სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით, რომელიც ითვალისწინებს, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას.

2016 წლიდან დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა". ამასგარდა, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის" ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება ჯგუფური კონსულტირება, დასაქმების ფორუმები, მხარდაჭერითი დასაქმების და სუბსიდირების სერვისის მიწოდება.

2019 წელს ქართველმა პარასპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე მოიპოვეს 150-მდე მედალი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისთვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.


შშმ პირთა ჯანმრთელობის დაცვაზე მისაწვდომობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. შშმ პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის საშუალებით".
სახელმწიფო შშმ პირებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა მომსახურებით:
• ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა;
• ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამა;
• დღის ცენტრების ქვეპროგრამა;
• ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
• მცირე საოჯახო ტიპის სახლების ქვეპროგრამა;
• სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა;
• მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამა;
• მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა;
• დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

2013 წლის აპრილიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაზღვრული სოციალური მხარდაჭერის ოდენობამ 125 ლარი შეადგინა. მხარდაჭერის პაკეტი ეტაპობრივად გაორმაგდა და 2020 წლის ივლისიდან 250 ლარს შეადგენს.

სოციალური პაკეტის ეტაპობრივი ზრდა ხორციელდებოდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც. კერძოდ, მნიშნელოვნად გამოხატული შშ პირებისთვის 2013 წლიდან სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრა - 100 ლარით, 2019 წლიდან - 120 ლარით, ხოლო 2020 წლიდან - 140 ლარით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა 2013 წლიდან განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით, ხოლო 2020 წლის ივლისისდან - 250 ლარს შეადგენს.

შშმ პირთა მხარდაჭერისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება :
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის, ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტები.

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა ბინაზე მოვლის მომსახურების მიწოდებით.

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში მოვლა და აღზრდა.

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია. ქვეპროგრამის დაწყებიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. 2012 წელს რეგისტრირებული იყო 5 მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაცია 2 მუნიციპალიტეტში (თბილისი, ქუთაისი), 2020 წელს რეგისტრირებულის 35 ორგანიზაცია 14 მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, გაიზარდა მომსახურების მიმღები ბენეფიციარების რაოდენობაც, რომელიც 2012 წლის მონაცემებით იყო 83 ბავშვი, ხოლო 2020 წლის 6 თვის მდგომარეობით, ქვეპროგრამით ისარგებლა 1513 ბავშვმა. ამასთან, 2017 წლიდან ძალაშია „ბავშვთა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მინიმალური სტანდარტები", რაც ქვეპროგრამის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა, მიტოვების პრევენცია და სოციალური ინკლუზია. ქვეპროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს დღის ცენტრები: მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი, მძიმე და ღრმა განვითერების შეფერხების მქონე და შშმ ბავშებისათვის, ასევე, შშმ პირებისათვის. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის ცენტრის მომსახურების სტანდარტების" შესაბამისად, რეგულარულად მიმდინარეობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანებია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში გაიზარდა დაფინანსებული კურსების რაოდენობა. გაიზარდა მომსახურების მიმღები ბენეფიციარების რაოდენობაც.

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს 8 რეგიონში პროგრამას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის პროგრამა თბილისში ხორციელდება მერიის დაფინანსებით. ქვეპროგრამის მიზანია საჯარო დაწესებულებებთან და კერძო პირებთან ურთიერთობების ხელშეწყობა სურდო თარჯიმნების მხარდაჭერით. ქვეპროგრამით წლის მანძილზე სარგებლობს 2000-მდე პირი. მომსახურების მოთხოვნა შეუძლია ასევე ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას, ყრუ პირის მიმართვის შემთხვევაში.

ამასგარდა, სმენის აპარატებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ყველა ასაკის შშმ პირთათვის (ბავშვობიდან ხანდაზმულობის ჩათვლით) გაიცემა სმენის აპარატები საჭიროებისამებრ.
2020 წლიდან ხანდაზმულებისათვის გამარტივდა სმენის აპარატის გაცემის პროცედურა. -2019 წლიდან კი დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას დაემატა ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი.
პრევენციისა და ადრეული ინტერვენციის მიზნით, თბილისსა და რამდნეიმე რეგიონში უკვე დანერგილია ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა. მომავალ წელს დაგეგმილია სმენის სკრინინგით საყოველთაო მოცვა.

უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და შშმ პირთა ჩართულობით, აგრძელებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ღირებულებების შესაბამისად.