საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 22 თებერვლის სხდომა

2006 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. მთავრობამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული 42 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა: მთავრობის წევრების ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენს მიერ წამოწყებულ ცალმხრივ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელიც მიმართული იყო ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაციისა და რეგიონში დაძაბულობის მოხსნისკენ. ვიმედოვნებდით, რომ ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ მოლაპარაკებათა პროცესში ჩართული სხვა მხარეები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ამ ნაბიჯებს სერიოზული მხარდაჭერა მოჰყვა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ასევე ევროკავშირისგან. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მხარდაჭერა გვქონდა, განსაკუთრებით კი ევროკავშირისგან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს მიერ აღებული კურსის სისწორესა და სიმტკიცეზე. ვაგრძელებთ ეუთოს მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით მოქმედებას და ჩვენი ნაბიჯებიც ამ გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული, თუმცა, გათვალისწინებული იყო როგორც შეთანხმებული და ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები. ამის მუხედავად ჩვენ მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ამ ნაბიჯების ცალმხრივად გადადგმა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით გასაკვირი იყო რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემი სამუშაო ვიზიტის გადადების შესახებ. ვთვლით, რომ როცა პრობლემა არსებობს, მისი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის გზით.

ამ ეტაპზე ჩვენ ვკონცენტრირდებით ნიუ-იორკის საინვესტიციო კონფერენციისთვის, სადაც საქართველოს საპრივატიზაციო ობიექტები წარდგენილი იქნება სამი მიმართულებით: ეს არის ენერგო, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სექტორები. ჩვენი ამოცანაა ჩვენს მიერ არჩეული და ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული კურსის გატარება.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი