საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 24 თებერვლის სხდომა

2006 წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. მთავრობამ სხდომაზე ძირითადად აჭარაში გამოვლენილ ფრინველის გრიპის შემთვევაზე იმსჯელა.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა:გუშინ აჭარაში, ადლიას მიდამოებში, ტბაზე გამოვლინდა გარეული ფრინველების მასობრივი დაცემის ფაქტი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ლაბორატორიული შემოწმებები და წინასწარი მონაცემებით ერთ-ერთი გარეული გედი დაავადებულია ფრინველის გრიპის ვირუსით. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე საკმაოდ სერიოზული კორექტივების შეტანა მოგვიხდება.

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოქმედებები ფრინველის გრიპის საქართველოში გავრცელების წინააღმდეგ სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტების მეშვეობით ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა, უფრო მეტიც, საქართველოში ვირუსი გავრცელდა რეალურად ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიც არიან ევროკავშირის დამფუძნებელი წევრები საფრანგეთი და გერმანია. ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ ფრინველის გრიპის სალიკვიდაციოდ.

მინდა აღვნიშნო, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები და აღებული ანალიზები არის გადაგზავნილი ეგრეთწოდებულ რეფერალურ ლაბორატორიებში ლონდონსა და ვენეციაში. საბოლოო დასკვნის გაკეთება მხოლოდ იქიდან მიღებული დაზუსტებული შედეგების შემდეგ შეგვეძლება, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ ამ შედეგს და დღესვე დავიწყებთ მოქმედებებს.

პრეზიდენტის დავალებით სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გავემგზავრები აჭარაში და ადგილზე ვუხელმძღვანელებთ ამ პროცესს. ყველა ზომა იქნება მიღებული იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც ჩვენ 2 თვის წინათ შევიმუშავეთ მთავრობის სხდომაზე. მინდა დავავალო გარემოს დაცვის სამინისტროს გაამკაცროს ზედამხედველობა ფრინველების გადაფრენის ადგილებზე, განსაკუთრებით სამიგრაციო მარშრუტებზე. მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ სამი ძირითადი მარშრუტი გადის საქართველოზე, ეს არის კოლხეთის დაბლობი პრაქტიკულად მთლიანად, შემდეგ ეს არის მიგრაციის გამავალი გზა ჯავახეთის ტბებზე და მიგრაციის გზა გამავალი კახეთზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გაფრთხილებისა და აკრძალვის მიუხედავად მაინც გრძელდებოდა ნადირობა, მათ შორის გუშინ დაცემული ფრინველებიდან რამდენიმე მათგანი იყო მოკლული საფანტით, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას თავი შეიკავონ ფრინველებზე ნადირობისგან. დაცემული ფრინველის აღმოჩენის შემთხვევაში კი არ უნდა იყოს კონტაქტი. ჩვენს მიერ გამოცემული ბუკლეტი კიდევ ერთხელ დავარიგოთ და სკოლებში ჩავატაროთ სერია სამუშაოებისა, საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისათვის.

თუ ეს ვირუსი დადასტურდება საქართველოში, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან მისი შინაურ ფრინველებზე და, ბუნებრივია, ადამიანებზე გადაცემა. ეს არის ჩვენი უახლოსი პერიოდის ამოცანა და ამისკენ იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა.

პრაქტიკულად ყოველდღე როგორც კი ფიქსირდებოდა ფრინველთა დაცემის ფაქტები, ამის შესახებ უმალვე იგებდნენ რეგიონში განთავსებული ჩვენი შტაბები და მოქმედებებიც იყო ოპერატიული. მათ შორის გუშინ შუადღისას აღმოჩნდა ფრინველთა დაცემის ფაქტები და ჩვენ უკვე პრაქტიკულად გვაქვს მონაცემები და დაწყებულია მოქმედება.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი