საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 28 თებერვლის სხდომა

2006 წლის 28 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. მთავრობამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი.

სხდომის დაწყებამდე საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, მიხეილ სვიმონიშვილს სთხოვა ესაუბრა ფრინველის გრიპთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე:

მიხეილ სვიმონიშვილი:

საქართველოში, ადლიაში არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ 16 სოფელში, სამ კილომეტრიან ზოლში, დასრულებულია შინაური ფრინველის განადგურება, მუშაობს დაახლოებით 11-მდე დამატებითი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამოწმებს იყო თუ არა ფრინველის დამალვის ფაქტი. განადგურებულია 1705 შინაური ქათამი; გახსნილია 5 დეზო ბარიერი; 3 კილომეტრიან ზოლში ხდება ყველა შემოსული სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ზონაში დამატებით მუშაობს 400-მდე ადამიანი, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ასევე აჭარის ადგილობრივი სამსახურებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან და ჯანდაცვის სამინისტროდან. დღეს საღამოსთვის, დასრულდება ადლიას ვირუსული კერის სრული ლიკვიდაცია. რაც შეეხება საქართველოს სხვა ტერიტორიებს, გაძლიერებულია ფრინველის გრიპთან ბრძოლის შტაბები პალიასტომის და კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე.

გუშინ ჩავატარეთ თათბირი ლანჩხუთში, სადაც გუბერნატორთან ერთად, განვსაზღვრეთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე მოხდება ფრინველის დაცემის ფაქტის გამოვლენა. საქართველოში ყველა შტაბი მობილიზებულია. ჩვენ გაგვაჩნია, როგორც სპეცტექნიკა, სპეცტანსაცმელი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში უკვე დღეს დაფიქსირდა შინაურ ფრინველში H5N1 ტიპის ვირუსი და მოხდა დაახლოებით ასი ათასამდე ფრინველის განადგურება. ასევე H5N1 ტიპის ვირუსი სტავროპოლშიც აღმოჩნდა. ფრინველის გრიპის ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მეზობელ ქვეყნებში, მაგარამ საქართველოში შინაური ფრინველის დაცემის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 27 თებერვლამდე საქართველოში შემოვიდა 4500 შეტყობინება, რომელზეც ჩვენმა სამსახურებმა მოახდინეს შესაბამისი რეაგირება. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე გუშინ მოვიდა საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს წერილი, სადაც ჩვენს მოქმედებებს მიესალმებიან. რამდენიმე დღეში ეპიზოოტიური ბიურო დასახმარებლად გვიგზავნის დამატებით ექსპერტს.

ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. რაიონებში, სასწავლო დაწესებულებებში, მასობრივად მიმდინარეობს ბავშვებისათვის ახსნა-განმარტებითი გაკვეთილების ჩატარება. ყველა ის ღონისძიება, რაც დაგვავალეთ, სრულდება.

ზურაბ ნოღაიდელი:

ჩვენ პრაქტიკულად მოვერიეთ ადლიას კერას. 2 დღის განმავლობაში, ყველა სამუშაო დასრულდება. მინდა აღვნიშნო ყველა სამინისტროს სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება, პრაქტიკულად ჩვენ ავიცილეთ თავიდან H5N1 ვირუსის გარეული ფრინველიდან შინაურ ფრინველზე გადაცემა. მობილიზებულია ყველა ცენტრალური და ადგილობრივი სამსახური, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული, დაწყებული სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, დამთავრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ქვედანაყოფებით, რომლებიც ადგილზე იყვნენ მობილიზებული. ჩვენი გადაწყვეტილებები გამკაცრებულია. გაძლიერებულია შტაბები ფოთში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, კოლხეთის დაბლობზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ, საბედნიეროდ, იქ არ დაფიქსირდა H5N1 ფრინველის ვირუსი. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, მივმართავ ლექსო ალექსიშვილს გამკაცრდეს კონტროლი სასაზღვრო საბაჟო გადასასვლელებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მაღალი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროსგან. ჩვენ ვმოქმედებთ ზუსტად იმ მეთოდოლოგიით, რომელიც დღეს მსოფლიოში გამოიყენება ფრინველის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებები უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, თუმცა ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი