საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 15 მარტის სხდომა

2006 წლის 15 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 41 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ ყურადღება გაამახვილა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აჰმეთ ნეჯდეთ სეზერის ოფიციალურ ვიზიტზე, რომელიც 14-15 მარტს შედგა. მან მაღალი შეფასება მისცა ამ ვიზიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ ხელმოწერილია ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ, რაც დაიწყება ამ წლის ბოლოს, აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოთა დასრულების შემდეგ. თურქეთისათვის, პრაქტიკულად, ეს იქნება შიდა რეისი, რომელიც საგრძნობლად გაზრდის აჭარის ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში ძალზე ინტენსიურად ვითარდება თურქეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდა თურქული კომპანიებისა და თურქი ინვესტორების დაინტერესება საქართველოში ინვესტირების განხორციელებით, მათ შორის ენერგოსექტორში, სხვა სექტორებში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საგარეო პოლიტიკურ საკითხთა შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ევროკავშირთან წარმატებული მოლაპარაკებები, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში გაიმართა. მან თქვა, რომ საკმაოდ წავიწიეთ წინ და, პრაქტიკულად, დასრულების პროცესშია მოლაპარაკებები ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. ჩვენთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანი იყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების შესახებ ნატოს წარმომადგენელთა მაღალი შეფასება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ აუწყა, რომ საქართველოს მთავრობა დღეიდან იწყებს 2007 წლისა და შემდგომი სამი წლის ბიუჯეტებზე მუშაობას. მან თქვა, რომ ჩვენ უკვე ვმუშაობთ საშუალოვადიან საბიუჯეტო პერსპექტივაზე, რომლის დანერგვა შარშან დაიწყო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვიწყებთ დროულად და იგი ინტენსიურად უნდა წარიმართოს. იგი შეეხო საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს და აღნიშნა, რომ ამჟამად კოორდინირებულად ვმუშაობთ ევროკავშირის, აგრეთვე სხვა ქვეყნებთან საბაჟო სფეროსთან დაკავშირებით, რომ საბაჟო ორგანოებიდან ვიღებთ რეალურ ინფორმაციას, და საზღვრის გადმოკვეთისას აზრი აღარ აქვს იმპორტიორების მიერ ფასების დამახინჯებას. გარდა ამისა მან თქვა, რომ წელს მოხდება ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ინსტიტუციონალიზაცია და აღარც ამ გადასახადის დამალვას ექნება აზრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 17 მარტს აპირებს გაემგზავროს აჭარაში, რომლის სანაპიროზე მიმდინარე წელს ორჯერ იყო გრიგალი, რამაც საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენა სანაპირო ზოლს ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებში. მან თქვა, რომ საკითხის ადგილზე შესწავლის შემდეგ უნდა შევიმუშაოთ სანაპირო ზოლის აღდგენის ან შენარჩუნების გეგმა, რათა ის დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც აჭარაში გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი