საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 22 მარტის სხდომა

2006 წლის 22 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 28 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2005 წლის შედეგების შეჯამების საფუძველზე შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა. მან აღნიშნა, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, პრაქტიკულად არის ის, რასაც ველოდით და გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი 2006 წელს საკმაოდ მაღალი იქნება, და ამ მიმართულებით ყველამ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში დადგინდება ენგურჰესის გამორთვის თარიღი და დაიწყება მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რასაც, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება. ამდენად, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი ენერგოობიექტების მზადყოფნას, და მისი განცხადებით, რამდენიმე მათგანის შემოწმებას 23 მარტს თავად აპირებს. მან სთხოვა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს მთავრობის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ენგურჰესის გამორთვასთან დაკავშირებით სხვა ენერგეტიკული ობიექტების მზადყოფნის შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოთა დაწყებასთან დაკავშირებით ქვეყნის ენერგოსისტემა მზად არის. კერძოდ, მეზობელ ქვეყნებთან გაფორმებულია ყველა საიმპორტო კონტრაქტი ელექტროენერგიის მოწოდებაზე. მრავალ ობიექტზე დამთავრდა ან უახლოეს დღეებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაძლებელი იქნება მათი ამოქმედება. მზად არის გაზოტურბინის ერთი აგრეგატი, რომელიც 50 მგვატით გუშინ ჩაირთო სისტემაში და ამჟამად სამუშაოები მეორე აგრეგატზე მიმდინარეობს. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ენგურჰესის გამორთვის მიუხედავად ენერგოსისტემა გამართულად იმუშავებს.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი