საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 30 მარტის სხდომა

2006 წლის 30 მარტს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 38 საკითხი.

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ აცნობა, რომ დღეს სხდომას დავიწყებთ მოულოდნელად, უსამართლოდ და არალეგალურად შექმნილი პრობლემის განხილვით, რომელიც ეხება რუსეთის ბაზარზე საქართველოსა და მოლდავეთის ღვინოების იმპორტის აკრძალვას. მან თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაიწყო მუშაობა. ჩვენი ამოცანებია: პირველი - აღვადგინოთ ნორმალური მდგომარეობა რუსეთის ბაზარზე, მეორე - რაც შეიძლება დავაჩქაროთ სხვა ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს ღვინის პროდუქტის ზრდის ისედაც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარე პროცესი და მესამე - რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის დამისამართება, უპირველეს ყოვლისა, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეხება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში, ავსტრიაში მისი ვიზიტის დროს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობასთან ორმხრივ ფორმატში განიხილებოდა, სწორედ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობა იყო, რომ დაგვეწყო ეს პროცესი. ამ თემაზე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკომისისათან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ეს ურთიერთობები, მოლაპარაკებები, სწორედ ახლა, ამ ეტაპზე, ამ პრობლემის გამო, მაქსიმალურად ინტენსიური უნდა გავხადოთ, თუმცა, ის ისედაც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა.სა

ქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ ასევე აცნობა, რომ გუშინ, ღამის 12 საათზე, სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით, გამოირთო ენგურჰესი. მან სთხოვა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს შექმნილი მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის წევრებს აცნობა, რომ გუშინ, 22 საათიდან დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი "კავკასიონისა" და "სალხინოს" ხაზებით. გუშინვე დაიწყო დამატებით, დაახლოებით 70 მეგავატი ელექტროენერგიის შემოსვლა თურქეთიდან. ელექტროენერგია შემოდის სომხეთიდანაც. ამის ფონზე, გუშინ, 24 საათზე გამოვრთეთ ენგურჰესი. ამჟამად იცლება სადერივაციო გვირაბი, რაც 3-4 დღე გაგრძელდება. მინისტრმა განაცხადა, რომ ენერგომომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ამჟამად მუშაობენ თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-4 ენერგობლოკები და მიმიდინარეობს ელექტროენერგიის იმპორტი უკვე დასახელებული ხაზებით და ქვეყნებიდან. გარდა ამისა, სარეზერვოდ გვაქვს "კავკასიონის" ხაზზე დამატებით 200 მგვატის შესაძლებლობა, აზერბაიჯანის ხაზი და ასევე რეზერვშია მე-3 ენერგობლოკი, რომელიც მზად არის ჩასართველად, თუ რაიმე პრობლემა შეიქმნა.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი