საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 5 აპრილის სხდომა

2006 წლის 5 აპრილის სხდომა 2006 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 21 საკითხი.

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ რუსეთში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართული ღვინის და ღვინოპროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით შემუშავებულია გეგმა: პირველ რიგში, სერტიფიცირების სისტემის გაჩერების სწრაფად დასრულება, ახლადშექმნილი ლაბორატორიის ამოქმედება და ერთი კვირის განმავლობაში ამ სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ - სამი თვით გადავადდება გადასახადები ღვინის სექტორისთვის. ეს მათ გარკვეულ ფინანსურ შეღავათს მისცემს და შესაძლებლობა ექნებათ უფრო დიდი თანხა მიმართონ ახალი ბაზრის მოსაპოვებლად, თუნდაც იგივე რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მეღვინეთა ასოციაცია მოლდაველ კოლეგებთან ერთად რუსეთის სასამართლოში შეიტანს სარჩელს, რომ ჩვენი პოზიციები სამართლებრივი წესითაც იყოს დაცული.

უახლესი ერთი თვის განმავლობაში კონცენტრირებული ვიქნებით რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, აგრეთვე უკრაინისა და ყაზახეთის ბაზარზე საექსპორტო პოტენციალის გასაღრმავებლად. დღეს პრეზიდენტი შეხვდება მეღვინეებს და კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილავენ ჩვენს სამოქმედო გეგმას.

ასევე ვიმსჯელეთ წყლის რესურსების კონცეფციაზე. ბოლო პერიოდში განვითარებულმა წყალდიდობებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მდინარეთა ავზების მართვაა საჭირო, გადაწყვეტილება მიღებულია. ტექნიკურ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს პერიოდში ბუნების დაცვის სამინისტრო წარმოგვიდგენს შესაბამის წინადადებებს.

 

 საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი