საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2006 წლის სხდომები

2006 წლის 12 აპრილის სხდომა

2006 წლის 12 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 27 საკითხი.

მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დამსწრეთ აცნობა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მოსკოვში გაიმართება საქართველოს მეღვინეობის დარგის წარმომადგენელთა ვიზიტი, რომლის დროსაც ისინი შეხვდებიან იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და რუსეთის ოფიციალური სამსახურების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის გამო შექმნილი ვითარება. მოსკოვში ასევე გაემგზავრება ქართველ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც გამართავს კონსულტაციებს რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. მან აღნიშნა, რომ ჩვენი მიზანია ეს პრობლემა გადავჭრათ კონსულტაციების გზით, რათა თავიდან ავიცილოთ კონფრონტაცია, შესაძლო გართულებები, და იმედი გამოხატა, რომ იგივე განწყობა ექნება რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებსაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იმავდროულად ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ან მისი მოცულობის გაზრდისათვის. მან თქვა, რომ მისი პატრონატით 11-12 მაისს საქართველოში გაიმართება სპეციალური კონკურსი, რომლის მიზანი იქნება ის, რომ მსოფლიოში წარმოაჩინოს ქართული ღვინო, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტი.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი